კავკასიური რუხი ფუტკარი (Apis mellifera caucasica) გამოკვეთილი თვისებებით ხასიათდება – გრძელი ხორთუმი, ზომიერი ნაყრიანობა, დაბალი ტემპერატურის გამძლეობა, თვინიერება. მისი უნიკალურობის შესახებ მსოფლიომ 1961 წელს გერმანიაში, ქალაქ ერფურტში, მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე შეიტყო. ჩხოროწყუს საჯიშე მეურნეობიდან წაყვანილმა ფუტკრების ორმა ოჯახმა 97,3 კგ თაფლი შეაგროვა და ოქროს მედალი დაიმსახურა. ქართულმა ფუტკარმა კიდევ ორჯერ, 1965-სა და 1971 წლის აგვისტოში მოიპოვა ოქროს მედალი და მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. გრძელი ხორთუმით ყვავილიდან ნექტრის ამოღება ქართული ფუტკრისთვის უფრო მოსახერხებელია და, შესაბამისად, იგი უფრო მეტ თაფლსაც აგროვებს და უფრო დიდი რაოდენობის მცენარესაც დამტვერავს. სწორედ ხორთუმის სიგრძე გახდა გადამწყვეტი 1961 წელს, როდესაც ქართული ფუტკარი ოქროს მედლით დააჯილდოვეს. თაფლი მართლაც რომ საოცარი პროდუქტია - ბუნების უძვირფასესი საჩუქარი და სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საგანძური. ის მდიდარია ამინომჟავებით, ფერმენტებით, ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, ნახშირწყლებით, ეთერზეთებითა და ლიპიდებით. ადამიანები, უხსოვარი დროიდან, მას ჯანმრთელობის ელექსირად მიიჩნევდნენ. იცით თუ არა, რომ 1 კილოგრამი თაფლის მისაღებად ფუტკრები 4500-ჯერ უნდა გამოფრინდნენ სკიდან და ესტუმრონ ნექტრისთვის 6-10 მილიონ ყვავილს. ძლიერი ოჯახი დღეში აგროვებს 5-10 კგ თაფლს (10-20კგ ნექტარი). მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფუტკარი საშუალოდ ჭამს 1/12 ლიტრ თაფლს, ანუ 400გ! საქართველოში მიერ შესწავლილია 110 სახეობის თაფლოვანი მცენარე, რომლებიც გავრცელებულია როგორც დაბლობ, ისე გარდამავალ და მაღლობ ზონაში, განსაზღვრულია თითოეული მათგანის თაფლპროდუქტიულობა (მინიმალური და მაქსიმალური), კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით (ხელსაყრელ და არახელსაყრელ ამინდის პირობებში).